პაპუაშვილი: აშშ-ის სანქციები არჩევნებს უკავშირდება

აშშ-ში ხედავენ, რომ საქართველოს არაფრის მაქნისი ოპოზიცია ჰყავს
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. დრო, რომელიც შერჩეული იქნა საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების გადაწყვეტილების გასაჟღერებლად, დაკავშირებულია არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილი, ხელი წაკრან ოპოზიციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-მა საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„თავად დრო, რომელიც იქნა შერჩეული ამ გადაწყვეტილების გასაჟღერებლად, რა თქმა უნდა აჩენს იმის აღქმას, რომ ეს დაკავშირებული არის არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილი, ხელი წაკრან ოპოზიციას, რადგან ხედავენ, რომ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ოპოზიცია გვყავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის შეფასებით, საქართველოს ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია არასდროს არ ჰყოლია.
„მათ საარჩევნო კამპანიას უწარმოებენ გარედან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეც აჩენს აღქმას, რომ ეს დაკავშირებულია არჩევნებთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ცრუ ბრალდებები, რომლებიც მმართველი ძალის მისამართით ისმის, საზოგადოებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
„ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ ასეთი ბრალდებები, როგორც წესი არის ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივი. რა არის ამის მოტივი ეს სხვა საკითხია, მაგრამ მტკიცდება, რომ რამდენჯერაც იყო განცხადება პოლიციელზე თუ სასამართლოზე, ყველა იყო ცრუ ბრალდება. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შესაბამისად, ამის დამაჯერებლობა და ეფექტი საზოგადოებაზე არ არსებობს, აღნიშნა პაპუაშვილმა.
პრემიერი: აშშ-ის სანქციები მიმართულია საქართველოსთან ურთიერთობების ნგრევისკენ>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი ძალის ძირითადი კონკურენტია „რადიკალური ოპოზიცია“.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ვინ და რატომ დასანქცირდა
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც 2021-2023 წლებში ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
გარდა ამისა, შსს დამატებით ზომებს იღებს საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღების თაობაზე. ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.