თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი.
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს ეს კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს“, - დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელ Х-ზე.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.