თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებები არის იაფი შანტაჟის მცდელობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შესაძლებლობას. იმავდროულად, საერთაშორისო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსგავსი საუბრები ევროკავშირის კულისებში არ მიმდინარეობს და არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„მათ უნდათ, რომ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს „ნაცმოძრაობის" სისხლიან რეჟიმს, დაისჯება საზოგადოება - ეს არის მესიჯი. ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ, ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.“-განაცხადა კობახიძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.