თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთის ვიზიტი მმართველი ძალა „ქართული ოცნებისთვის" საპარლამენტო არჩევნების წინ საჩუქარია, რადგანაც მისი რეპუტაცია ცნობილია, განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როთი, რომელმაც მაისში მონაწილეობა მიიღო თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, თბილისში ჩამოვიდა. 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ პოლიტიკოსმა გასულ კვირაში სოციალური ქსელ X-ზე დაწერა.
„ასეთი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის. თქვენ იცით, როგორია ამ ადამიანის რეპუტაცია. შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
საპროტესტო აქციებს ასევე შეუერთდნენ და შეკრებილთ სოლიდარობა გამოუცხადეს: ჩეხეთის - პაველ ფიშერი, პოლონეთის - ბოგდან კლიხი, ლიეტუვის - ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის - სებასტიან ტინკინენი - პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".