პრემიერი: ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში საუკეთესოა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,7% შეადგინა
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონის ქვეყნებს შორის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 9,7%-ს მიუახლოვდა.
„კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირება და საბოლოოდ აღმოფხვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა. მთავრობის პროგნოზით, 2028 წლისთვის მოსახლეობაში სიღარიბე მინიმუმამდე შემცირდება, 2030 წლისთვის კი მოხდება როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის დაძლევა.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო მოსახლეობის 11,8%, რაც 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. 2012 წლიდან კი ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 680 ათასი ადამიანით შემცირდა და 2023 წელს 440 ათასი შეადგინა.