თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
15 სექტემბერს, ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილი (იგივე The Machine) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მთავრობის მეთაურმა მერაბ დვალიშვილის გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.
„ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე და ქართველების ნიჭზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში მან 18-ჯერ მოიგო.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.