თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის ბოლომდე ქვეყანაში 100-მდე ახალი სკოლა გაიხსნება, საიდანაც 60 მოსწავლეებს სექტემბრის ბოლომდე მიიღებს, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გლდანში განახლებულ №160-ე სკოლაში ვიზიტისას, სადაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი, „ზოგადი განათლების შესახებ" კანონის თანახმად, 15 სექტემბერს იწყება, თუმცა, იმის გამო, რომ წელს 15 სექტემბერი დასვენების დღეს დაემთხვა, განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყება ორშაბათს, 16 სექტემბერს გადაწყვიტა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე სასკოლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე საჯარო სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული", - განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად 28.147 მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გარემოში გააგრძელებს.
მინისტრმა ასევე ისაუბრა გლდანში ახლადგარემონტებულ სკოლაზეც.
„დღეს, გლდანში გავხსენით, პრაქტიკულად, სრულად განახლებული, რეაბილიტირებული №160-ე სკოლა, სადაც 1,1 ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, რაც 5 მილიონ ლარამდე დაჯდა“, - განაცხადა ამილახვარმა.
ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, რომელთაც სახელმძღვანელოები და ნეთბუქები გადაეცათ, აღნიშნა მინისტრმა.
2024-2025 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით შეხვდნენ – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7 ათასამდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა.