უნებართვო მშენებლობა: რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბათუმში?

უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა 102 უნებართვო მშენებლობის ფაქტი და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის დასაწყისიდან ბათუმში სამშენებლო ნორმების დარღვევების 149 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
ბათუმში მშენებლობები ინტენსიურად მიმდინარეობს, ახალ სახლებსა და ბინებზე მოთხოვნა დიდია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე უცხოეთის მოქალაქეებში.
მუნიციპალური ინსპექციის მონაცემების თანახმად, შემოწმებული 272 სამშენებლო ობიექტიდან 102 ობიექტზე გამოვლინდა უნებართვო მშენებლობის ფაქტი, 47-ზე სანებართვო პირობების დარღვევა, 116 ობიექტზე კი შემოწმება ხორციელდება.
33 შემთხვევაში შეწყდა უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება.
გარდა ამისა, ინსპექციამ შეამოწმა 90 განცხადება შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.
2024 წლის აგვისტოში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 9%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 1.169 ბინა გაიყიდა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 10%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.053 დოლარი შეადგინა.