შოთა არველაძემ თურქეთის „ტრაბზონსპორში“ მაღალ თანამდებობაზე უარი განაცხადა

შოთა არველაძემ მწვრთნელის რანგში მუშაობა ნიდერლანდურ „ალკმაარში“ ლუის ვან გაალის ასისტენტად დაიწყო
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო ბომბარდირმა, ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ უარი თქვა თურქული კლუბ „ტრაბზონსპორის“ წინადადებაზე გახდეს მისი სპორტული დირექტორი.
ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ბრუნდებოდა „ტრაბზონსპორში“, სადაც 1993-1997 წლებში თამაშობდა და 2015 წელს მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობდა.
„გუნდიდან ნამდვილად დამიკავშირდნენ და სპორტული დირექტორობა შემომთავაზეს. „ტრაბზონი“ სერიოზული გუნდია და ასეთი წინადადება სასიამოვნოა, მაგრამ ამ პოსტზე უარი ვთქვი, რისი მიზეზიც კარგად გაიგეს“, - განაცხადა არველაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ქართველი სპეციალისტის თქმით, ამ ამპლუაში საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია.
„საკუთარ თავს ამ როლში ვერ წარმოვიდგენ, რადგან მოედანზე ყოფნა და მწვრთნელობა მსურს. ტრანსფერებზე მოლაპარაკება და მუშაობა საჩემო არაა“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
შოთა არველაძემ მწვრთნელის რანგში მუშაობა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. თავიდან ის ნიდერლანდურ „ალკმაარში“ ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო, 2010 წლიდან მოყოლებული კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თურქულ „კაისერისპორში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორში“ მუშაობდა.
2016-17 წლებში შოთა თელ-ავივის „მაკაბის“ წვრთნიდა, 2017-2020 წლებში კი ტაშკენტის „ფახთაკორს“, რომელთან ერთადაც ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი, ასევე ქვეყნის სუპერთასი მოიგო. 2022 წელს წვრთნიდა ინგლისის კლუბ „ჰალ სიტის“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებში არველაძეს სამუდამოდ მიენიჭა ნომერი „11“. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შოთის აქვს ჩატარებული 61 მატჩი და 26 გატანილი გოლი.