თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 31 აგვისტოს მდგომარეობით 5,5 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 548 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 12.516-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ კი 45,9 მლნ ლარი შეადგინა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.