თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ხევსურეთში, ბარისახო-როშკა-არხოტი-ამღა-ჭიმღას შიდასახელმწიფოებრივ გზაზე უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთის სოფლებთან მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების გაცნობის შემდეგ.
კერძოდ, უკვე დასრულებულია 36 კმ-იანი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის გაჭრა-რეაბილიტაცია. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია და 18 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა.
მინისტრის განცხადებით, გათვალისწინებულია გრუნტის საფარიანი გზის მოწყობა, მაგრამ გზა ფართოვდება ისე, რომ მასზე გადაადგილება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც იყოს.
„დასრულებულია ორი ხიდის მშენებლობა და გრძელდება სამი ხიდის მოწყობის სამუშაოები. პროექტი მომავალ წელს დასრულდება, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის. მომატებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად, გაუმჯობესებული გზა და სხვა მიმდინარე პროექტები ერთობლიობაში უფრო საინტერესოს გახდის ხევსურეთში სტუმრობას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრიდან ხევსურეთის სოფელ როშკამდე 6 კმ-იან მონაკვეთზე, არხოტის უღელტეხილის გავლით სოფელ ამღამდე და სოფელი ახიელიდან სოფელ ჭიმღამდე 18 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, გაიჭრება და განაცხლდება 36 კმ-მდე საავტომობილო გზა, საიდანაც 28 კმ სრულიად ახალი გზა იჭრება. 11 კმ-იანი საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. მიმდინარე წელს გზა გაიჭრება სოფელ ამღამდე, ხოლო სრულად პროექტი 2025 წელს დასრულდება. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, გზის ნიშნულებზე მოყვანის, ხელოვნური ნაგებობების – სახიდე გადასასვლელებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები.
პროექტს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მლნ ლარით ფინანსდება.