საბერძნეთმა შესაძლოა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აღიაროს

ამ დროისათვის შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. თუმცა, ხელშეკრულების ხელმოწერა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ქართული მართვის მოწმობების აღიარებისკენ, იგი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები დეტალებს შეათანხმებენ.
ამ დროისთვის შეთანხმების დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა საქართველომ მსგავსი შეთანხმება მანამდე ესპანეთთან გააფორმა.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
საქართველოსა და ესპანეთს შორის დადებულ შეთანხმებაში განსაზღვრულია იმ კატეგორიების და კლასების მართვის მოწმობები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გადაცვლას დაექვემდებარება.
კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.