თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც უეფას ერთა ლიგის ორ ტურში გოლები გაიტანა, ბავშვობის ოცნება აისრულა.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთის ნაკრების დამარცხების (4:1) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ტირანაში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, „ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ მოვახერხე მეორე გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბავშვობაში შეიძლება ვერც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შევძლებდი ორ თამაშში ორი გოლის გატანას, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით არის, რომ ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო და ექვსიდან ექვსი ქულა მოაგროვა.
„ვიცით, რომ მეორე თამაშში შეგვეძლო უკეთესადაც გვეთამაშა, მაგრამ ახლა გვაქვს ერთთვიანი სანაკრებო შესვენება. წავალთ გუნდებში, უფრო მეტად უნდა მოვუმატოთ და დავბრუნდეთ. უკრაინასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქოჩირაშვილმა.
B დივიზიონის პირველი ჯგუფის პარალელურ მატჩში ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე უკრაინა ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.