მიხაელ როთი კვლავ საქართველოში ჩამოდის: შეხვდება თუ არა ხელისუფლება ბუნდესტაგის წევრს?

როთმა ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისთვის, განაცხადა ოხანაშვილმა
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელმაც მაისში თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა და მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ „ქართული კოშმარი“ უწოდა, სექტემბერში კვლავ გეგმავს ქვეყანაში სტუმრობას.
როთმა 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ სოციალური ქსელ X-ზე დაწერა. როგორმ ნამ აღნიშნა, იგი მოუთმენლად ელოდება „მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან“ შეხვედრას.
უნდა ელოდოს თუ არა როთი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ბუნდესტაგის წევრმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის ბოდიში უნდა მოიხადეს.
„ბატონი როთი ჩვენს საზოგადოებას დაამახსოვრდა როგორც ჭკუის მასწავლებელი. მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა ესწავლებინა, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა უნდა ესწავლებინა ჩვენი ხალხისთვის, მთავრობისთვის. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის უხეში დარღვევა", - განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოსთვის ეს მიუღებელია.
„თუ ბატონი როთი ბოდიშის მოსახდელად ჩამოდის, ამას გაგებით მოვეკიდებით, თუმცა ის ვერ წაშლის იმ განცხადებებს, რაც მან გააკეთა. ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საერთოდ მასთან შეხვედრა - ადამიანთან, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩაერიოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
როთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ევროპელი დეპუტატიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ 14 მაისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
საპროტესტო აქციებს ასევე შეუერთდნენ და შეკრებილთ სოლიდარობა გამოუცხადეს: ჩეხეთის - პაველ ფიშერი, პოლონეთის - ბოგდან კლიხი, ლიეტუვის - ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის - სებასტიან ტინკინენი - პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".