თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
ვაშლი, ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ფერმერებისგან რთველის მიღება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაახლოებით 50 ათასი ტონა იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ვაშლის მოსავლის აღების პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად. შტაბი, რომელიც გავხსენით, ამ პროცესს წარმართავს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, რომ არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე", - განაცხადა ნასარიძემ.
მისი თქმით, საწარმოები, რომლებიც არასტანდარტული ვაშლისგან აწარმოებენ პროდუქციას, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
„საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას - ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე - ევროკავშირში", - განაცხადა ნასარიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიზნის მისაღწევად - ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობის ზრდა - სახელმწიფო, წინა წლების მსგავსად, აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას.
„მოვუწოდებთ ფერმერებს, გამოიყენონ შემოთავაზებები სახელმწიფო პროგრამების სახით, რითაც გააუმჯობესებენ ხარისხს და გაზრდიან მოსავლიანობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში, ვალდებული არიან საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს.
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია მეტწილად ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.
2023 წელს ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციიდან 7 მილიონი ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღეს.