თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების, ასევე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, აჭარასა და კახეთში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 50 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეტამფეტამინი”, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“ და „ალფა პვპ“ ამოიღეს.
გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.