თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 202,32 მლნ ლარით (0,35%) შემცირდა და მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 57,14 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 420,9 მილიონი ლარით, ანუ 1,34%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 623,23 მლნ ლარით, ანუ 2,41%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივლისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 9,37 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,12%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,18 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2,27%-ით მეტია.
ივლისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,77%-ით, ანუ 227,9 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, 29,74 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 55,76%, რაც 2024 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებთან შედარებით 0,93 საპროცენტო პუნქტით მეტია.
ივლისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.