თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დღეს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველოს ნაკრების გასვლითი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბანეთი-საქართველოს მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.
კერძოდ, მოქალაქეებს გახანგრძლივებული დროით ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს. B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგოდა საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერი გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.