პრემიერმა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის რეალური მიზეზი დაასახელა

კობახიძის თქმით, ეს არ არის პოლიტიკური და იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკური აქტი, არამედ უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, მას საომარი მოქმედებების პირობებში არ უნდა შეეძინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც კიევის „დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა“ დაასახელა. გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.
„ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები... საუბარია სარეცხ მანქანებზე", - განაცხადა კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა უკრაინის ხელისუფლებამ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჩათვალა არაადეკვატურად, რაც გახდა დროებითი რწმუნებულის გაწვევის მიზეზი.
„ჩემი ინფრომაციით, ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული. მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და არ გააგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია ელჩი საქართველოდან.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".