თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენილები იქნებიან ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები.
„აქ მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში. ისინი წარდგენილები იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმ პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილები შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის პრემიის სახით 1 მილიონი ლარია დაწესებული, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს მიიღებს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდა. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი გათამაშდა.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველმა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.