ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 2,2 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
1. სიჩქარის გადაჭარბება
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 718.135. ჯარიმის ოდენობა 50 ლარს შეადგენს.
2. პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2024 წლის პირველ ნახევარში გამოიწერა 554.860 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 10 ლარს შეადგენს, თბილისში კი 50 ლარს.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 266.824 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
4. მოძრაობა საავტობუსე ზოლში
მეოთხე ადგილზეა ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობა, რომლებიც საქართველოს ქალაქებშია მოწყობილი. 2024 წლის პირველ ნახევარში სულ 89.498 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა 100 ლარია.
5. ტექდათვალიერების არარსებობა
დარღვევების ხუთეულში ბოლო ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 73.067 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 50 ლარს შეადგენს.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 1,5 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა, მათგან 742,1 ათასი თბილისში. საანგარიშო პერიოდში საერთო ჯამში 88,8 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 170.687-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 44 მძღოლს.