თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად უსურვეს წარმატებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს, რომელიც მიმდინარე სეზონში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის ჩეხეთის წინააღმდეგ ემზადება.
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ალბანეთს სტუმრად შეხვდება. 24-ვე ფეხბურთელი, რომელიც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამოიძახა, საგურამოს ბაზაზე შეკრებაზე უკვე ჩამოვიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნაკრების ფეხბურთელებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ესაუბრა. კობახიძის თქმით, მას სჯერა, რომ ქვეყანა ფეხბურთელების გამარჯვებით არაერთხელ იამაყებს.
კობახიძემ და კალაძემ ნაკრების ფეხბურთელებს ჩეხეთთან მატჩის წინ წარმატება უსურვეს
2024/2025 სეზონის უეფას ერთა ლიგის პირველი წრის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს 20:00 საათზე გამართავენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
კობახიძემ და კალაძემ ნაკრების ფეხბურთელებს ჩეხეთთან მატჩის წინ წარმატება უსურვეს
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.