გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტი

საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი პრესტიჟული Yashin Trophy 2024-ის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა - თასი სეზონის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა, იუწყება ვებგვერდი goal.com.
ლევ იაშინის თასი არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც 2019 წლიდან გადაეცემა წლის საუკეთესო მეკარეს. დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად იმართება. ჯილდო ატარებს საბჭოთა ნაკრების მეკარის ლევ იაშინის სახელს, რომელიც არის ერთადერთი მეკარე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ 1963 წელს მოიპოვა.
საუკეთესო მეკარეს „ოქროს ბურთის“ წინა წლის მფლობელები ირჩევენ.
„ოქროს ბურთი“ არის ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელსაც კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელს ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს. იგი ითვლება ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ფეხბურთელისთვის.
ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს წინა გამარჯვებულები არიან ტიბო კურტუა („რეალ მადრიდი“) და ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“). წლევანდელი დაჯილდოება 28 ოქტომბერს გაიმართება.
2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:
დიოგო კოსტა (პორტო)
ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი)
გრეგორ კობელი (ბორუსია დორტმუნდი)
ანდრეი ლუნინი (მადრიდის რეალი)
მაიკ მენიო (მილანი)
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
უნაი სიმონი (ატლეტიკი)
იან სომერი (მილანის ინტერი)
რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი)
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.