თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს Stadler-ის ორსართულიანი მატარებლის ნაცვლად JRT ტიპის მატარებელი შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით ორსართულიანი ავტობუსი მოემსახურება.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, იმავე ტექნიკური მიზეზით 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 JRS (Stadler) მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში.
„საქართველოს რკინიგზა" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი შტადლერის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.