თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო, ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაში.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.
სტანოს თქმით, ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღებულ იქნა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და სრული პაკეტი 81 ხმით მიიღო. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.