საქართველოს რკინიგზა: თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა

მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „თბილისი-ბათუმის" მატარებლის რეისი, რომელიც 17:05 საათზე იყო დაგეგმილი, ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, გაუქმდა, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
უბედური შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფომაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რა დროსაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.