ხელისუფლებამ და საპატრიარქომ შეთანხმებას მიაღწიეს: კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გაჩნდება

საუბარია კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენის მისიის დაფიქსირება კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობას, განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის შემდგომი განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივა პირველად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. როგორც მან 31 აგვისტოს გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენის მისია. ასევე ხაზგასმული იქნება საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.
წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრისას მხარი დაუჭირეს.
„ერთმნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, რომ ამგვარი ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციაში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობას. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ის, რომ ეს დამოკიდებულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის პრინციპზე", - განაცხადა ზვიადაძემ.
ასევე ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადების მნიშვნელობას, რომ ხელისუფლების ერთადერთი მიზანი ეკლესიის მხარდაჭერაა.
„ვფიქრობთ, რომ ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა ზვიადაძემ.
ზვიადაძის ინფორმაციით, საუბარია კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას. კერძოდ, მასში ნათქვამია:
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
შემოთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“
მეორე ქვეპუნქტში კი დაემატოს მხოლოდ ერთი სიტყვა „თანამედროვეობა" და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან".
ახლანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, თუმცა პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა მკაფიოდ უნდა აისახოს ქვეყნის კონსტიტუციაში.
„არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ ჩვენს დღევანდელობაშიც, თანამედროვეობაში მართლმადიდებლური ეკლესია თამაშობს მნიშვნელოვან როლს და არის ჩვენი იდენტობის საყრდენი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში იქნება შეტანილი“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ცნობილია, რომ თავდაპირველად მმართველმა გუნდმა საქართველოს საპატრიარქოს შესთავაზა ინიციატივა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თუმცა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ზვიადაძემ განმარტა, ეკლესიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების სახით, უნიკალურია.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).