თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს სინგაპური უსწრებს - სინგაპური პარალიმპიურ ჩემპიონებს 380 ათას აშშ დოლარს გადასცემს.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის პრემიის სახით 1 მილიონი ლარია დაწესებული, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს მიიღებს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
სტატიის თანახმად, მესამე ადგილზე საპრიზო თანხის მოცულობით ისრაელია 273 ათასი აშშ დოლარით. მომდევნო ადგილებს ინაწილებენ მალაიზია და ჰონგკონგი – 230 ათასი და192 ათასი აშშ დოლარით.
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე გუშინ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53) ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.