თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შპს „თორის“ დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.
„2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია“, - ნათქვამია განცხადებაში.
საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10,1 მლნ ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა, რადგან ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებლად ვარგისი ფართების გადაცემა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა