საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯებს არ გადადგამს - კალაძე

„ქართულმა ოცნება“ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადებისთვის არანაირი ნაბიჯები საპატრიარქოს თანხმობის გარეშე არ გადაიდგმება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქო მსჯელობს მმართველი პარტიის წინადადებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს”, - განაცხადა კალაძემ.
ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, მღვდელმთავართა კრებაზე განხილვის თემა იყო მმართველი პარტიის წინადადება ქართული ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციით უნდა გამყარდეს. თითქმის ოთხსაათიან კონსულტაციას უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქის ადვოკატები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება, რადგან საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).