თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ოპოზიციას ღიად აფინანსებენ უცხოური მთავრობები არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. სამწუხაროა ასევე ის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ამას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.
„თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, განაცხადა კალაძემ, ყველა რადიკალური პოლიტიკოსი და პარტიები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ.
„შეიძლება დაყოფილები იყვნენ და სხვადასხვა დაჯგუფებად მოევლინონ საზოგადოებას, თუმცა ყველამ კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს, რით იყო დაკავებული. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავს“, - განაცხადა კალაძემ.
ყველა ეს პარტია იმართება გარედან და მათი მთავარი ამოცანაა საქართველოს გამოყენება კონკრეტული ქვეყნების ინტერესების გასატარებლად, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამებრძოლებს „ქართულ ოცნებაში“ უწოდებენ „ლოკალური ომის პარტიას“, ასევე „რადიკალურ ოპოზიციას“.
რეზონანსული კანონი
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.