თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პერუში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გივიშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატი პერუს დედაქალაქ ლიმაში 28 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.
გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბდულახ ფარჩიევი დაამარცხა.
გივიშვილის გარდა, მედლის მოპოვების შანსი ორ ძიუდოისტს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ორივე დამარცხდა – ვასილ გამეზარდაშვილმა (66 კგ) სერბ ბორის იანკოვიჩთან წააგო, ხოლო მერაბ სამადაშვილს (60 კგ) პოლონელმა იაკუბ კუროვსკიმ სძლია.
30 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე სამი ქართველი გამოვა. მედლების მოპოვებას ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე (ორივე 73 კგ) და საბა ჯახველაძე (81 კგ) შეეცდებიან.
გიორგი გივიშვილი
© IJF - International Judo Federation
18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი 2009 წლიდან იმართება. ამ დროისთვის საქართველოს აქვს მოპოვებული 8 ოქროს, 13 ვერცხლის და 16 ბრინჯაოს მედალი.