თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო სარჩელების განხილვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
ორი დღის განმავლობაში მოსამართლეების წინაშე წარდგებიან მოსარჩელეებიც და მოპასუხეებიც თავიანთი არგუმენტებით, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილოს თუ არა მოსარჩელეთა მოთხოვნა საქმის არსებითი განხილვის პერიოდში სადავო კანონის შეჩერების შესახებ.
ახალი კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროს „უცხოური ძალა“ წარმოადგენს, უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში 5 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ.
ამ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ განაცხადეს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ეს ოთხი სარჩელი ერთ საქმეში გაერთიანდა და ერთად განიხილება.
რაც შეეხება ახალ სარჩელს - საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას (ადვოკატთა პროფკავშირი), რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ორი დღის წინ შევიდა, ის განიხილება ცალკე და ზეპირი მოსმენის გარეშე. ამის შესახებ სხდომის დასაწყისში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა.
მოპასუხის, ანუ საქართველოს პარლამენტის ინტერესებს სასამართლოში იცავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლები. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები სასამართლოში არ გამოცხადდნენ, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ინტერესებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის ორი წევრი თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაიცავდნენ.
საქმის დეტალები
მოსარჩელეები ედავებიან საქართველოს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცედურას და არეგულირებს ასეთი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მოსარჩელეების თქმით, საკამათო კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიისა და სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმების გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების სტიგმატიზაციას, ხელს უშლის მათ საქმიანობას, შეუძლებელს ხდის მათი მიზნების მიღწევას და საბოლოოდ მათი ფუნქციონირების შეწყვეტას იწვევს.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმები, ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტების სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
ამის პარალელურად, საჯარო რეესტრში კანონით გათვალისწინებული სუბიექტების რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის პროცედურა და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.
მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა ეწინააღმდეგება კონფიდენციალურობისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს.
ამასთან, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების გავრცელება კანონის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუქცევითი მოქმედების აკრძალვის პრინციპს.
„გამჭვირვალობის“ კანონი ძალაში 2024 წლის ივნისის დასაწყისში შევიდა. მასში ნათქვამია, რომ თუ იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია) 2023 წელს მიღებული შემოსავლების კუთხით აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მან რეგისტრაცია რეესტრში უკვე 2024 წლის სექტემბერში უნდა გაიაროს.
მოსარჩელეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შექმნილ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან შედარებით.
ამასთან, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
სარჩელის ავტორებმა ასევე შუამდგომლობით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა სადავო ნორმების მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს.
რეზონანსული კანონი
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.