როდის დაიწყება საქართველო-რუსეთს შორის დიპურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები?

ექსპერტის აზრით, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაჟინებით მოითხოვოს დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყება საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი, განაცხადა РИА Новости-სთან ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა ნიკიტა მენდკოვიჩმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
„მოლაპარაკებების დაწყების (რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - რედ.) ალბათობა დიდია. თუმცა, დიპურთიერთობების და, ზოგადად, „სააკაშვილამდე“ პერიოდის დონის ურთიერთობების სწრაფი აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ძალიან ბევრი პრეტენზია დაგროვდა“, - განაცხადა მენდკოვიჩმა.
უფრო მეტიც, ექსპერტის ვარაუდით, გამარჯვების შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“, სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ჟენევის ფორმატის შემცვლელის ძიებაში, შეიძლება შესთავაზოს ახალი ფორმატი - დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.
„ძალიან დიდი მოლოდინები იყო ჟენევასთან (მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში - რედ.) დაკავშირებით, რომ იგი ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიაში გაყინული სავაჭრო და სატრანზიტო ვითარების გალღობას, მაგრამ რეალურად იგი უპერსპექტივო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ახლა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ომის გამო დასავლური ფორმატების გამოყენება უკვე შეუძლებელი გახდა. ახლა დასავლეთის პოლიტიკა ორიენტირებულია პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაციაზე, მათ შორის, კავკასიაში და ამიტომაც მათი მონაწილეობით დიალოგის წარმართვა სრულიად უაზროა“, - დასძინა მან.
როგორც მენდკოვიჩმა განმარტა, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაჟინებით მოითხოვოს დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რადგანაც დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებული არიან არა კრიზისის მოგვარებით, არამედ რეგიონში დესტაბილიზაციით, რათა იგი ახალ ანტირუსულად ფრონტად გადაიქცეს.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინს შორის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.