რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი საქართველოში

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა დაძლია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა.
საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
2024 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი აპლიკანტი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6,5 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 ათასზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1,4 ათასზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 ათასზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1,6 ათასამდე აპლიკანტი გააგრძელებს.
2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 ათასზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი18,9 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.