დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" საქართველოს პროგრესის მთავარი მუხრუჭია

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყებს სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პროგრესისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა და პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც ჩაიდინა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
20 აგვისტოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყებს სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
„ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“, რა სახელითაც არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები", - განაცხადა მიქანაძემ ჟურნალისტებთან.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„ის ძალა, რომელიც არის დანაშაულებრივი, ის ძალა, რომელიც ქვეყანას აზიანებს, ცდილობს, რომ მას რეპუტაციულად შეულახოს იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მიქანაძემ.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.