თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და კლუბ „ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ მატჩში „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა – მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი კვარაცხელიამ თავადაც გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს.
სპორტულმა პორტალმა Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა – 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში მისი გოლი „ფიორენტინასთან“ მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარაცხელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.