ბინები სამხედროებისთვის შეღავათიანი პირობებით: პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება

ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობისა და შეღავათიან ფასებში გადაცემის პროგრამა, რომელსაც თავადაცვის სამინისტრო ახორციელებს, უნდა გაგრძელდეს, ამისთვის თანხები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისთვის მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლის შემოდგომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო, რომელიც იმ დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. თბილისში, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის" მშენებლობა, სადაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ბინების შეღავათიან ფასებში შესყიდვა შეუძლიათ, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა.
„პროგრამა უნდა გაგრძელდეს. მინდა, თავდაცვის მინისტრს ვთხოვო, შემდეგი ეტაპის გეგმა მოამზადოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას.
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რაზეც მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო. 1 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში", - განაცხადა კობახიძემ.
მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი ოფიცერთა კორპუსები აშენდა. ბინებს სულ 1.092 ოჯახი მიიღებს. სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე, თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებული ბინების შესყიდვას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით.
საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაა 200 დოლარი, მაგრამ სამხედროებს ამ თანხის დაახლოებით ნახევრის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ისინი შეძლებენ არა საბანკო კრედიტის, არამედ უპროცენტო შიდა სესხის აღებას.