თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა.
დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე-ბურჟეს აეროპორტში დაეშვა - იგი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერს საფრანგეთში ადანაშაულებენ იმაში, რომ მან არ მიიღო ზომები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.