თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2,7 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, იუწყებამედიაპლატფორმა BMG „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე" დაყრდნობით.
კორპორაციის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ჩვეულებრივ, თვეში 2,5 მლნ ტონა ნავთობს ატარებს, თუმცა, ივლისში მილსადენი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის 7 თვეში მილსადენით 17,4 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2,5%-ით ნაკლები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამჟამად მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანულ ნავთობს ატარებს, თუმცა, ასევე ხდება ყაზახური და თურქმენული ნავთობის გატარებაც.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო მისი ნავთობით შევსება – 2005 წლის მაისში.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1.768 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1.076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის.