თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” დელეგატები, თითოეული დელეგატი აჭარის 6-დან ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იქნება პასუხისმგებელი საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ოლქის ამომრჩეველთა ინტერესებს უმაღლეს საბჭოში დაიცავს.
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. 18 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით, სამი კი მაჟორიტარული სისტემით.
„დღეს წარმოგიდგენთ დელეგატებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან აჭარის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული დელეგატები იქნებიან „ქართული ოცნების“ სიაში უმაღლეს საბჭოში გამსვლელ ადგილზე“, - განაცხადა რიჟვაძემ.
მისი თქმით, ყველა მათგანს კარგად იცნობენ აჭარაში როგორც პროფესიონალ, კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ, პატრიოტ და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს.
დელეგატი კანდიდატები ექვს ოლქში:
ბათუმი – რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე;
ქობულეთი - ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;
ხელვაჩაური – მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ქედა - მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
შუახევი - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;
ხულო - ვახტანგ ბერიძე, ხულოს მერი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
აქამდე საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით იმართებოდა. 77 დეპუტატს ირჩევდნენ პარტიული სიებით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73-ს - ერთმანდატიანი ოლქებიდან (მაჟორიტარული სისტემა).
ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 30-მდე შემცირდა, შესაბამისად, პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.
დელეგატი დეპუტატები - მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გამოწვეული ხარვეზის გამოსასწორებლად შემოღებული სიახლეა, განმარტავენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც მოსალოდნელია, დელეგატების წყალობით შენარჩუნდება კავშირი ამომრჩევლებსა და დეპუტატებს შორის.
ოპოზიცია დელეგატების ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოვიდა და ამ სიახლეს მაჟორიტარების ალტერნატივა უწოდა. ოპოზიციონერები მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდნენ საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ერთმანდატიან ოლქებში ტრადიციულად მმართველი პარტიის კანდიდატები იგებდნენ.