თბილისში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია გრძელდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთობლივი ღონისძიება მიზნად ისახავს ცოფის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას.
ღონისძიების ფარგლებში, ამჯერად ვეტერინარებმა ვარკეთილის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები აცრეს. ვაქცინაცია მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
დასნებოვნება ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრამ.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს. ასევე, თუ ცხოველს შეამჩნევენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს.
სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანონ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართონ რაბიოლოგს.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.
წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო