საქართველო თურქეთს ახალი გვირაბით დაუკავშირდება

პროექტს თურქული სამშენებლო-საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329,6 მილიონ ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბათუმიდან სარფამდე აშენდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბი, რომლითაც საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ-ბეტონის 11,4 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას, რომლის მშენებლობაც ამჟამად სრულდება.
ახალი გზის უმეტესი ნაწილი, მთლიანი სიგრძის 67% გვირაბში გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს გზის სიგრძეს და გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს.
ბათუმი-სარფის გზის პროექტზე ამჟამად გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვები მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფელ სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.
დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდინარე ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფელ ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფელ ჭარნალისა და სოფელ ახალსოფლის ტერიტორიებზე.
გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფელ სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფელ სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე.
პარალელურად, წელს უნდა გაიხსნას ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზა, რომელიც რამდენიმეწლიანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს.
ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო-საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329,6 მილიონ ლარს შეადგენს.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია ქვეყანაში. დაგეგმილია 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 20 სახიდე გადასასვლელის და ხუთი გვირაბის მშენებლობა.
ამჟამად ერთადერთი გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაზე გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობას.