თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 74 წლის მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს