თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია.
შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო, 10 ათასი ლარის ოდენობით გადაეცემა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემათ.