რატომ გამოვიდა ივანიშვილი ტრიბუნაზე ბრონირებული მინით - მმართველი პარტიის განმარტება

ზოგიერთ ტელეარხს სურს წარმოაჩინოს ოპოზიცია როგორც საწყალი და დაბეჩავებული, მაგრამ სინამდვილეში ის „ყველაფრის მკადრებელია“, განაცხადა კალაძემ
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. უსაფრთხოების მიზნით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში ამომრჩეველს მიმართა ტრიბუნიდან ბრონირებული მინით, რადგან გარედან კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ივანიშვილის გამოსვლა ამომრჩევლების წინაშე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში ქართული ოპოზიციის ნაწილმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის დამფუძნებელი „ბრონირებული მინის აკვარიუმიდან" საუბრობს. ამასთან, ოპოზიცია ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიებას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ფარსად მიიჩნევს.
„რადიკალური დაჯგუფება, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დავარქვათ, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო. უბრალოდ, არ ვიცი როგორ გადარჩა“, - განაცხადა კალაძემ.
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.
კალაძის თქმით, ზოგიერთ ტელეარხს სურს წარმოაჩინოს ოპოზიცია როგორც საწყალი და დაბეჩავებული, მაგრამ სინამდვილეში ის „ყველაფრის მკადრებელია“.
სუს-მა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება დაადასტურა >>
„ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან დიდი როლი აქვს ამ ადამიანს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს. ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. ნახეთ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით“, - განაცხადა კალაძემ.
24 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.