სახალხო დამცველი Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

მხოლოდ საქართველოში აღნიშნულ კომპანიაში 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტრანსნაციონალური კომპანია Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები, ძირითადად უნივერსიტეტების სტუდენტები, 40 დღეზე მეტია არიან გაფიცულები. ონლაინ-კაზინოს 4 ათასამდე თანამშრომელმა 12 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადა. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი 12 აგვისტოდან პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა.
როგორც იოსელიანმა განმარტა, შესაძლო დისკრიმინაციის ნაწილში მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მან ასევე განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.
„საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის ფორმის გამოხატვის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დისკრიმინაციის ნაწილში მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ უშუალო მედიაციას ვერ მოვახდენთ, ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველა ძალას ვიღონებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
იოსელიანის ინფორმაციით, გაფიცულები საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებზე და ა.შ.
კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია: შესვენების საათების გაზრდა, სამუშაო ადგილზე სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაო ადგილზე ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა და კვების ვაუჩერების გაცემა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში, რადგან, მათივე თქმით, საქართველოში 19-20 წლის ადამიანები ღირსეული სამუშაო პირობების გამო შიმშილობენ.
აგვისტოს დასაწყისში Evolution Georgia-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანია ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტას არ გამორიცხავს. მათ ამის მიზეზად პროფკავშირის მიერ შენობებში შესასვლელების გადაკეტვა და სამუშაო პროცესის ჩაშლა დაასახელეს.
Evolution Georgia არის დისტანციური სათამაშო სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიაში 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.