ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი ორი მაღაროს მუშაობა პარალიზებულია

შუქრუთში 161-ე დღეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ „შუქრუთისა" და „კოროხნალის" მაღაროებში, სადაც პიკეტირების გამო ხუთ თვეზე მეტია გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა, მიწის მასის ჩამოქცევის პროცესები დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შუქრუთში 161-ე დღეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ. აქციაში მონაწილე მაღაროელებმა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ორ შახტში შესასვლელი გადაკეტეს და კომპანიისგან 2019-2021 წლებში პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულებას და კომპენსაციების გადახდას ითხოვენ.
მრავალი წელია შუქრუთის მაცხოვრებლები კომპანიას მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაში, ეკოლოგიისა და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. გაფიცულების თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად სოფელში საცხოვრებელი სახლების ნაწილი ავარიული გახდა, ჭები დაშრა, ხე-ხილი კი ნაყოფს აღარ ისხამს. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ წარუმატებლად ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიქცევას. „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფლის მცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს.
„მაღარო პარალიზებულია და არ გვაქვს მუშაობის საშუალება. ხდება მაღაროში ვენტილაციის გამორთვა და აგრეთვე მაღაროში მუშა პერსონალის არშეშვება. გამაგრებითი სამუშაოები ვერ ტარდება, შესაბამისად მაღაროს ყველა უბანში მოხდა ჩამოქცევა, რამაც მაღაროს ჩაკეტვა გამოიწვია. მაღაროს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“, - აცხადებს ერთ-ერთი სპეციალისტი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუ მაღაროებს ყოველდღიურად არ გაამაგრებენ, კიდევ უფრო გაიზრდება გვირაბების ჩამოქცევის, დატბორვის და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების საფრთხე. მაღაროებში გამორთულია განიავების სისტემებიც.
Georgian Manganese-ის ინფორმაციით, კომპანიამ არაერთხელ სცადა მაღაროების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა პროტესტის მონაწილეები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
Georgian Manganese Holding – მაღალხარისხიანი ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანიის პროდუქცია რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
მაღაროს მუშაობის შეფერხებისთვის სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს>>
31 ივლისს პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, სამივე პირს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. 21 ივლისიდან კი მათ სავენტილაციო სივრცეში შესასვლელი დაბლოკეს.
სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.