თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 8 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, კახეთსა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 18-დან 60 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებიც არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, მცირეკალიბრიანი შაშხანები, მჭიდები და ვაზნები.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
წყარო - შსს