„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მეუღლის მშობიარობაზე დასასწრებად გამოუშვა

ხვიჩა კვარაცხელია ყველა თავის გოლს მეუღლეს უძღვნის
Sputnik
თბილისი, 21 აგვისრტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ხელმძღვანელობისგან ნებართვა მიიღო და თბილისში გამოფრინდება, რათა მეუღლის მშობიარობას დაესწროს, წერს Area Napoli.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე სულ მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ისაუბრა თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მარტში, ევრო-2024-ზე მერვედფინალში საქართველოს ისტორიული გასვლის შემდეგ.
ხვიჩამ და ნიცამ ჯვარი 2023 წლის ოქტომბერში დაიწერეს, ნიშნობა კი მარტში ჰქონდათ. შეყვარებულები 2023 წლის მარტში დაინიშნენ. წყვილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
ნიშნობის შემდეგ ნიცამ ხვიჩას იტალიაში ჩააკითხა, ხოლო სერია А-ში სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა და ნიცა საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითოეულ გატანილ გოლს თავის შეყვარებულს უძღვნიდა და ამისათვის სპეციალური ჟესტიც კი მოიფიქრა - თითებს ქართული ასო „ნ“-ს ფორმით იკავებს.
Area Napoli-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
„კვარაცხელიას აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ ხელშეკრულების ხანგრძლივობასა და ხელფასზე – საუბარია სეზონში ექვს მილიონ ევროზე“, - წერს გამოცემა.
უკვე კვირას, 25 აგვისტოს, კვარაცხელია უნდა გავიდეს მოედანზე იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში „ბოლონიასთან. „ნაპოლიმ“ სეზონის პირველი შეხვედრა „ვერონასთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მეორე ტაიმში მას შემდეგ გავიდა, რაც კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი დატოვა.